საერთაშორისო სემინარის კურსდამთავრებულთათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი
ნახვების რაოდენობა : 1224
დღეს სპორტულ კომპლექს „ახალ თბილისში" მდებარე ფრენბურთის არენაში გაიმართა ტაეკვონდოს მწვრთნელთა საერთაშორისო ტექნიკური სემინარის კურსდამთავრებულთათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი.
ტაეკვონდოს მწვრთნელებს კურსების წარმატებით დამთავრება მიულოცა და საერთაშორისო სერტიფიკატები გადასცა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.
„ჩვენი კომიტეტი საერთაშორისო ოლიმპიური პროგრამების მეშვეობით, შესაბამის ეროვნულ სპორტულ ფედერაციებთან ერთად, აქტიურად უწყობს ხელს სპორტის სხვადასხვა სახეობის მწვრთნელებისა და მენეჯერების კვალიფიკაციის ამაღლებას. წვრთნის თანამედროვე მეთოდების გარეშე შეუძლებელია მაღალი სპორტული შედეგების მიღწევა. ტაეკვონდო, როგორც მოგეხსენებათ, ოლიმპიური სახეობა გახდა 2000 წლიდან, თუმცა ჩვენს სპორტსმენებს ჯერჯერობით ოლიმპიური თამაშების ლიცენზია არ მოუპოვებიათ. იმედი გვაქვს, რომ ამ სემინარზე მიღებულ ცოდნას წარმატებით გამოიყენებენ ტაეკვონდოს მწვრთნელები და აღზრდიან მომავალ ოლიმპიელებს“- განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

სემინარი ჩატარდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით.

სემინარს უძღვებოდნენ ტაეკვონდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით სამხრეთ კორეიდან ჩამოსული კვალიფიციური სპეციალისტები _ ლიმ ჯაე ჰიონი(მე-7 დანი) და ჯიონგ სუნგ კიმი (მე-6 დანი). მაღალი დონის ორკვირიანი კურსები გაიარა 30-მდე ქართველმა მწვრთნელმა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში საქმიანობენ.

საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტმა სულხან ბაბუაძემ ისაუბრა ასეთი სემინარების მნიშვნელობაზე და საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. სემინარის მონაწილეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ ეს იყო ძალიან მაღალი დონის კურსები, რომელსაც სწორედ სპორტის ამ სახეობის სამშობლოდან _ კორეიდან ჩამოსული ოსტატები უძღვებოდნენ.

ტაეკვონდოს სემინარი ქართველი მწვრთნელებისთვის კორეელ ინსტრუქტორებთან
FaceBook Twitter Google
Fb Recomend