ჩვენი მიზანი ოლიმპიადაა
ნახვების რაოდენობა : 239

20-29 იანვარს, სპორტკომპლექს "არენაში"

საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრების , მწვრთნელთა და მსაჯთა ერთობლივი შეკრება გაიმართა. შეკრება წლის პირველი ღონისძიება იყო. რა შედეგს მოუტანს ეს შეკრება გუნდს, რამდენად რეალურია ქართველი სპორტსმენების ოლიმპიადაზე გამოსვლა ამ და სხვა კითხვებით, ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს შოთა გოჩიაშვილს ვესაუბრეთ:


-შოთა, როგორ შეაფასებდი შეკრებას?

- მსგავსი მასშტაბის შეკრება ჩვენი ფედერაციის ისტორიაში აქამდე არ ყოფილა. შეკრება სემინარმა ჩაიარა ძალიან დადებით და ჯანსაღ გარემოში,თამამად შემიძლია გითხრათ რომ ყველა მონაწილე კმაყოფილი დაბრუნდა სახლში, როგორც შეკრებაზე არსებული გარემოთი, ასვე მიღებული გამოცდილებით. ეს ყველაფერი, გუნდური და კოორდინირებული მუშაობის შედეგია.

- რა მნიშვნელობა ჰქონდა რომ პირველად, ერთ სივრცეში იყო მწვრთნელთა, მსაჯთა და სპორტსმენთა შეკრება

- ფედერაციის ყველა სპორტული რგოლის ერთ სივრცეში გაერთიანების იდეა, ემსახურებოდა ამ რგოლების მჭიდროდ და მეგობრულად ერთმანეთზე გადაბმას. იდეამ გაამართლა და ეს აუცილებლად უნდა ვაქციოთ ტრადიციად.

- სპორტსმენები, როგორ სპორტულ ფორმაში ხვდებიან ოლიმპიურ წელს?

- მოგეხსენებათ,რომ სახემწიფო რეგულაციების გამო დიდი ხნით მოგვიწია ვარჯიშების და ღონისძიებების შეჩერება. აღნიშნული შეკრება არის 2021 წლის პირველი ნაბიჯი,რომელიც ძალიან კარგად აისახა სპორტსმენთა ფიზიკურ და ტექნიკურ მაჩვენებელზე.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- ჩვენი სამომავლო გეგმა და მიზანი არის ოლიმპიადაზე მოხვედრა. ამისათვის ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრთა მზადება გაგრძელდება, სამკვირიანი მზადებით უზბეკეთის ნაკრებთან ერთად უზბეკეთში. შეკრების შემდეგ გვაქვს სარეიტინგო ტურნირი ბულგარეთში, ამის შემდეგ ვაგრძელებთ შეკრებას მონღოლეთის ნაკრებ გუნდთან ერთად,ამჯერად უცხოურ ნაკრებს ჩვენ უმასპინძლებთ. შემდეგ გვაქვს ევროპის ჩემპიონატი ასევე ბულგარეთში და ამის შემდეგ ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირი, რომლისთვისაც ჩვენი სპორტსმენები უმაღლეს ფიზიკურ ფორმაში იქნებიან. რაც შეეხება ოლიმპიურ ლიცენზიას, არ მინდა წინასწარ მოლოდინები გავაჩინოთ, თუმცა ერთი რამ დაზუსტებით შემიძლია გითხრათ: ჩვენი სპორტსმენები, სამწვრთნელო გუნდი,ფედერაციის ხელმძღვანელობა,ექიმი, და ფედერაციის ყველა რგოლი, ვაკეთებთ და გავაკეთებთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს იმისთვის რომ წელს პირველად საქართველოს ისტორიაში ტაეკვონდოს გუნდი მოხვდეს ოლიმპიადაზე.

საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრესამსახური

 

FaceBook Twitter Google
Fb Recomend