12 მედალი ლატვიიდან
14-15 სექტემბერს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში, საერთაშორისო სარეიტინგო ჩემპიონატი "Riga open 2024" გაიმართა, სადაც საქართველო, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებით იყო წარმოდგენილი.
ჩვენი გუნდი რიგაში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით გაემგზავრა. უნდა აღინიშნოს რომ ჩემპიონატამდე, კადეტთა და იუნიორთა ნაკრებებმა შეკრებები გაიარეს, რომელიც ასევე სპორტისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
14 სექტემბერს ბრძოლაში კადეტები და იუნიორები ჩაერთნენ, მნიშვნელოვანია რომ ბევრი მათგანისათვის ეს პირველი საერთაშორისო ტურნირი იყო.
პირველივე დღიდან გამოჩნდა რომ ტურნირის წინა შეკრება ნაყოფიერი გამოდგა, საშეჯიბრო დღე 9 მედლით დასრულდა:
პირველი ადგილზე ორი ქართველი გავიდა: ნიკა ღოღობერიძე და ნიკა ალოიანი, რომლებმაც ყველა მეტოქეს დამაჯერებლად მოუგეს და ღირსეულად დაიკავეს ჩემპიონისათვის განკუთვნილი ადგილი კვარცხლბეკზე.
მეორე ადგილზე - ნიკას ქარდავა, ალექსანდრე გურაბანიძე, გიორგი ლექვთაძე და აბალფაზ მამედოვი გავიდნენ.
მესამე საპრიზო ადგილი დაიკავეს გიორგი ნინიაშვილმა, ალექსანდრე ტრეგლაზოვმა და მარიამ ცქიტიშვილმა.
გასათვალისწინებელია ის გარემოება რომ ტურნირზე ძალიან ბევრი და რაც მთავარია, ძლიერი მონაწილე იყო და ასეთ დროს ყველა სინჯის მედალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
15 სექტემბერს ბრძოლაში, ეროვნული ნაკრები ჩაება, მათ ღირსეულად გადაიბარეს კადეტებისა და იუნიორების ესტაფეტა. ხუთი მონაწილიდან სამი მათგანი ფინალში გავიდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა 2023 წლის ევროპული თამაშების გამარჯვებულმა და 2023 და 2024 წლების ევროპის ვიცე-ჩემპიონმა, ზურაბ კინწურაშვილმა, კიდევ ერთხელ აჩვენა მაღალი კლასი და ყველა შეხვედრაში ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე იმარჯვა.
მეორე ადგილზე გავიდნენ ვიტალი გელაძე და ილია მაცაბერიძე. ილია მაცაბერიძე, ცოტა ხნის წინ გადავიდა იუნიორებიდან ეროვნულ ნაკრებში და მისი ეს გამარჯვება, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.
ამრიგად, ქართველების ანგარიშზე, 12 მედალია. აღსანიშნავია რომ საქართველოში ტაეკვონდოს არსებობის ისტორიაში, პირველად მოხდა რომ საერთაშორისო ჩემპიონატზე, ერთ დღეს, ეროვნული ნაკრების სამმა სპორტსმენმა იასპარეზე ფინალში.
უახლოესი ტურნირი - იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატი, 1-6 ოქტომბერს, სამხრეთ კორეაში გაიმართება. საქართველოს ღირსება ნიკა ღოღობერიძე და აბალფაზ მამედოვი დაიცავენ.
ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს სპორტსმენებს.
საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია კიდევ ერთხელ მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერისათვის.