ტაეკვონდოს ეროვნული ნაკრების შეკრება უზბეკეთში
24 მარტიდან - 2 აპრილამდე, საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ნაკრები, უზბეკეთში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ გუნდთან ერთად გაიარა შეკრება. მწვრთნელების გადაწყვეტილებით შეკრებაზე 4 სპორტსმენი იყო წასული - ბექა ქავთარაძე, ზუკა კინწურაშვილი, ვერიკო კაპანაძე და ოზჯან ფაშაევი, გუნდს ხელმძღვანელობდა, საქართველოში მოწვეული სამხრეთ კორეელი სპეციალისტი დუხვი ლი.
აღნიშნული შეკრება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან 6-10 აპრილს, ბუქარესტში დაგეგმილია ევროპის 2023 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირი, სადაც ჩვენი გუნდიც მიიღებს მონაწილეობას.
შეკრება შეგვიძლია რომ ნაყოფიერად შევაფასოთ, რადგან ჩვენს სპორტსმენებს ჰქონდა საშუალება ადგილობრივ ოლიმპიურ ჩემპიონთან, მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორებთან, გრანპრისა და აზიის თასის გამარჯვებულებთან ერთად ევარჯიშათ.
შეკრებაზე გუნდთან ერთად იმყოფებოდა , ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი ვლადიმერ გოგალაძე, რომელიც უზბეკეთის ტაეკვონდოს გენერალურ მდივან მურად მამადალიევს შეხვდა. შეხვედრაზე, სამომავლო ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს. გადაწყდა რომ 13-23 აპრილს ჩვენი ნაკრები ისევ ესტუმრება უზბეკეთს და გამართავს ერთობლივ წვრთნას, აღნიშნულ შეკრებაზე საქართველოსა და უზბეკეთის გარდა იორდანიის და ეგვიპტის ნაკრებებიც იქნებიან წარმოდგენილი. გენერალურმა მდივანმა სურვილი გამოთქვა უზბეკი სპორტსმენების საქართველოში სტუმრობაზე და საქართველოში ერთობლივ შეკრების ჩატარებაზე.
საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია მხარდაჭერისთვის მადლობა უხდის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს